logo
ENG



სააკაშვილი გორიდან თბილისში გადმოიყვანეს - "პიჯაკების საქმეზე" პროცესი 11 საათზე იწყება

02 დეკ 202109:29
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი გორიდან თბილისში გადმოიყვანეს - "პიჯაკების საქმეზე" პროცესი 11 საათზე იწყება

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისში გადმოყვანილია.

ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა.

სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიმართა დარბაზში შეუშვან ჟურნალისტები. 29 ნოემბერს პროცესის გაშუქების საშუალება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.

ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პიჯაკების საქმეზე მთელმა საქართველომ უნდა ნახოს და ამიტომ, სასამართლოს ეზოში მშვიდობიან აქციაზე, რომელიც პროცესთან დაკავშირებით იმართება, იქნება დამონტაჟებული დიდი ეკრანი. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ, სასამართლო პროცესს მეორედ ესწრება, მანამ მას ამის უფლებას არ აძლევდნენ და მიზეზად შესაძლო დესტრუქციასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს ასახელებდნენ.

 

close დახურვა